logo
ENG



"ოცნებიდან" ფორმალურად წასულები კვლავ შეურაცხყოფას აყენებენ და თავს ესხმიან კელი დეგნანს

25 ივლ 202214:17
3 წუთის საკითხავი
 

​ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს და დაადანაშაულეს "ომის რიტორიკის მხარდაჭერაში", "რევოლუციის თანაგრძნობასა" და "სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევაში". 

წასულების მიერ დღეს გამოქვეყნებულ მორიგ ანტიდასავლურ წერილში ისმის კელი დეგნანის მიერ ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟების ბრალდებაც. 

ხუნდაძე/ყაველაშვილი/სუბარი დღევანდელ წერილში იმეორებენ 2 კვირის წინანდელი წერილის "კითხვებს" და როგორც ამბობენ, დეგნანისგან პასუხის ვერმიღების შემდეგ ასკვნიან, რომ: 

"თქვენ არათუ არ ემიჯნებით ომისკენ მიმართულ რიტორიკას, არამედ მხარს უჭერთ და თავად აღვივებთ მას;

თქვენ თანაუგრძნობთ ბაკურიანის რევოლუციურ შეკრებას და იზიარებთ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის ფორმირების მოთხოვნას;

თქვენ ადასტურებთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და მეტიც, იწონებთ მას;

თქვენ შეხვდით ბიძინა ივანიშვილს 24 თებერვლის შემდეგ და რა გზავნილიც გექნებოდათ მისთვის გადასაცემი, რთული გამოსაცნობი არაა.

რადგან გაქვთ იმის პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში და მართლმსაჯულებაში აქტიურად შეგიძლიათ ჩაერიოთ, ბუნებრივია, ქართული საზოგადოების წინაშე სათანადო ანგარიშვალდებულებასაც უნდა აცნობიერებდეთ. თუმცა, ჩვენს ლეგიტიმურ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თქვენ საქმეში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ჩართვა არჩიეთ. როდესაც ქართველი ხალხის მიერ არჩეული პარლამენტარების ლეგიტიმურ კითხვებს გაურბიხართ, სიმართლის გაგებას გვიკრძალავთ და ჩვენი გაჩუმება გინდათ, ეს თქვენს დამოკიდებულებას სუვერენული სახელმწიფოს მიმართ ცხადად აჩვენებს. ნამდვილი პარტნიორები, რომლებიც პატივს სცემენ მეგობარ ხალხს, სახელმწიფოს, მის სუვერენიტეტს და ინსტიტუტებს, ასე არ იქცევიან. ამასთან, თავად ის ფაქტი, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის დონეზე თქვენი დაცვა გადაწყდა, ჩვენ ერთ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის - ყველაფერი, რასაც თქვენ აკეთებთ, არა თქვენი პერსონალური გადაწყვეტილებები, არამედ საქართველოს მიმართ ამერიკის დღევანდელი სტრატეგიაა.

იგივე ეხება მეორე ფრონტის საკითხსაც. რა თქმა უნდა, სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა უკრაინისთვის რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შეღავათი იქნებოდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ამარაგებთ უკრაინას იარაღით და შესაბამისად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უპირატესობის განეიტრალება თქვენთვის პრინციპული ამოცანაა. გარდა ამისა, გვესმის, რომ მეორე ფრონტი დამატებით შეარყევდა რუსეთის იმიჯს, რაც ევროპულ ქვეყნებს უკრაინის ფრონტის დახმარების მოტივაციას შეუნარჩუნებდა. თუმცა, როდესაც ამგვარი მიზანი გამოძრავებს, უნდა გაბედო და ქართველ ხალხს ეს ღიად უნდა უთხრა. რაც მთავარია, ხალხს არჩევანის საშუალება უნდა მისცე და მის ზურგსუკან, კულისებში მისი ხელისუფლების დარწმუნებას თუ იძულებას არ უნდა ეცადო. იმასაც ვიტყვით, რომ გვაქვს საკმაოდ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საუბრები იმართებოდა კონკრეტულ კაბინეტებში, თუმცა, ამ საუბრების დეტალების გასაჯაროებისგან კვლავაც თავს შევიკავებთ". - ნათქვამია მათ წერილში. 

ხუნდაძე/სუბარი/ყაველაშვილი მიმართავენ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილსაც, მან იპალარაკოს ელჩთან 24 თებერვლის შემდეგ გამართულ შეხვედრასა და "ელჩის მხრიდან შანტაჟზე". 

"ჩვენ ვინარჩუნებთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლომდე დაიცავს პოზიციებს და არ ჩაერთვება ისეთ ომში, რომელსაც გლობალური მიზნებისთვის გარკვეული უპირატესობები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას სრულ განადგურებას უქადის.

თუმცა, იმისათვის, რომ მოვლენების სხვაგვარი სცენარით განვითარების მინიმალური რისკიც არ დავუშვათ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მაქსიმალური აქტიურობა და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაა საჭირო, რაზეც მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნებთ". - ნათქვამია ანტიდასავლურ წერილში. 

ბოლო რამდენიმე კვირაა, ქართული ოცნების წარმომადგენლების და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან ანტიამერიკული კამპანია გაძლიერდა. 

ყველაზე მეტად სწორედ სუბარი/ხუნდაძე/ყაველაშვილი აქტიურობენ, რომლებიც არაერთხელ დაესხნენ თავს პარტნიორი ქვეყნის ელჩს და ის "ომში ჩართვის მცდელობაში, რევოლუციური სცენარის მხარდაჭერასა და სასამართლოზე ზეწოლაში დაადანაშაულეს".

ელჩი დეგნანი სასამართლო სისტემაში ჩარევაში დაადანაშაულეს მოსამართლეებმა, მათ შორის ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიუსაჯა.

მათ ამ განცხადებებს და დეზინფორმაციას კელი დეგნანმა რუსული ფსბ-ის სცენარი უწოდა. 

ელჩს მხარდაჭერა გამოუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, ნედ პრაისმა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსი ქმედებები პარტნიორობას არ შეესაბამება. თუმცა, ხუნდაძე/ყაველაშვილი/სუბარმა ნედ პრაისს მიმართეს და უთხრეს, რომ მათ არ სურთ, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოს საქმეში ერეოდეს. 


close დახურვა